აშშ-მა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია და სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განაცხადების თანახმად, ჩერდება ისეთი დახმარება, რომელსაც პირდაპირი სარგებელი საქართველოს მთავრობისთვის მოაქვს. სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს არის პასუხი „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ ქმედებებსა და ცრუ განცხადებებზე, რომელიც შეუთავსებელია EU-სა და NATO-ში წევრობის ნორმებთან.
“23 მაისს, საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა გამოვაცხადე. ამ განხილვის შედეგად, შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომელიც პირდაპირ სარგებელს საქართველოს ხელისუფლებას მოუტანდა.
საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის ნორმებთან შეუთავსებელია. მანამ, სანამ ჩვენ, ამ ქმედებების გამო, საქართველოს ხელისუფლების დახმარებას ვაჩერებთ, აშშ გააგრძელებს იმ პროგრამებისა და აქტივობების დახმარებას, რომლებიც ქართველ ხალხს სარგებელს მოუტანს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებით.
ჩვენს, ორ ქვეყანასა და მოქალაქეებს შორის 32-წლიანი მეგობრობისა და პარტნიორობის განმავლობაში, ამერიკელმა ხალხმა 6,2 მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობით დახმარება გაიღო, რამაც წვლილი საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში შეიტანა. ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და მომზადებას, აშენდა სკოლები და საავადმყოფოები, გადაამზადა მასწავლებლები, საჯარო მოხელეები და სამედიცინო პერსონალი. ჩვენ ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული დავრჩებით”! – ენტონი ბლინკენის განცხადება.