საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა დანიამაც დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ავრცელებს. პარლამენტის წევრმა, თეონა აქუბარდიამ წერილით მიმართა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და უწყებიდან მიიღო პასუხი, რომლის თანახმად დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო დახმარება შეწყვიტა, რომელიც გასულ წელს დაიწყო. ბიუჯეტი 71.5 მილიონ დანიურ კრონა იყო. თეონა აქუბარდიას განცხადებით, თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი ქართული ოცნების მიერ მიღებული რუსული კანონია.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებზე არ ღირს თეონა აქუბარდიასთვის პასუხის გაცემა, რადგან პაპუაშვილი აქუბარდიას ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს.
რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ საპასუხო ნაბიჯები გადადგეს დასავლელმა პარტნიორებმა. შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ასევე ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გაყინა. გარდა ამისა, შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახებს. ორმხრივი ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადაიდო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“.