საარბიტრაჟო სასამართლომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. არბიტრაჟის დავის საგანი მილიარდ-ნახევარ დოლარს შეადგენდა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ არ ეთანხმებოდა 2020 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, სახელმწიფომ კონსორციუმთან ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზით კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად, საინვესტიციო-საარბიტრაჟო დავა სწორედ ამის გამო დაიწყეს.
“არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია იმდენად, რამდენადაც ქართველებისთვის ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა. სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ”, რუსეთის დაკვეთით, წლების განმავლობაში ჯერ შეაფერხა ჩვენი მუშაობა ამ პროექტზე, შემდეგ კი სრულად დაბლოკა მისი განხორციელება. ხელისუფლება მრავალი წელია აცხადებს, რომ პორტის მშენებლობაზე მუშაობას იწყებენ. ამასობაში კი, ოთხი წელი გავიდა, პორტი ისევ არ არსებობს და ათიათასობით ქართველმა დაკარგა ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა და ქვეყანამ – რეგიონული განვითარების უპრეცედენტო შანსი. ჩვენ გვაქვს ანაკლიის სწორ გზაზე დაბრუნების მარტივი გამოსავალი: ეს მთავრობა, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება, შევცვალოთ პროევროპული კოალიციური მთავრობით, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება. ჩვენ დავაბრუნებთ კეთილსინდისიერ დასავლელ ინვესტორებს, დავასრულებთ პროექტს მაღალი დასავლური სტანდარტების შესაბამისად და ანაკლიაში შევქმნით ათიათასობით სამუშაო ადგილს, “მარშალის გეგმის” ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას ქართველებისთვის. ჩვენ ავაშენებთ ანაკლიას!” – მამუკა ხაზარაძის განცხადება.
საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გულდასაწყვეტს უწოდებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიც“. გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასა და საარბიტრაჟო პროცესთან დაკავშირებული დეტალები კონფიდენციალურია.
“არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია – ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებდა არასწორად, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ, როდესაც ცდილობდა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ზიანის მიყენებას, რამაც შედეგად გამოიწვია პორტის პროექტის თითქმის ათწლეულით დაყოვნება, ათასობით სამუშაო ადგილისა და შემოსავლების დაკარგვა საქართველოსთვის”, – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტდა, რადგან „კონსორციუმმა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ შეასრულა“. კონსორციუმი ხელისუფლების ბრალდებებს არ ეთანხმებოდა და სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულ ჩაშლაში სწორედ „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებდა. კონსორციუმთან პირველი კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, სახელმწიფომ პორტის მშენებლობის საკუთარი სახსრებით აშენების პირობა დადო. მთავრობა ამტკიცებს, რომ ინვესტორს პორტის მხოლოდ 49%-იანი წილი ექნება, სახელმწიფოს მფლობელობაში კი 51% იქნება. უკვე ცნობილია, რომ პორტს ჩინური კომპანია ააშენებს, რომელიც მსოფლიო ბანკისა და შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული.