კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება- მორიგ ვიზიტზე ოპოზიციას კითხვები აქვს | 30.07.2024

პრემიერი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, კობახიძემ ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო. ცერემონიას, რომელიც ირანის მეჯლისში გაიმართება, 70 უცხოური დელეგაცია უნდა დაესწროს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გაემგზავრა. კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტს უკვე შეხვდა.

კობახიძის მორიგი ვიზიტი ირანში კითხვებს უჩენს ოპოზიციას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა „ოცნების“ ხელისუფლებამ ევროპასა და ამერიკასთან ქვეყანას ურთიერთობები გაუფუჭა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში მოაქციოს, რასაც რუსეთთან, ჩინეთთან და ახლა უკვე ირანთან დამთბარი ურთიერთობები ადასტურებს.

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები 6 ივლისს გახდა ცნობილი. არჩევნებში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა. საპრეზიდენტო არჩევნები ირანში პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო გაიმართა. პრემიერი კობახიძე მისი დაკრძალვის ცერემონიალსაც ესწრებოდა. მასთან ერთად იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.