დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის გასაუქმებლად კიდევ ერთი სარჩელი შევიდა. პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედია- ორგანიზაციების სარჩელების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სარჩელი შევიდა. სარჩელს ხელს პარლამენტის 38 ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს. ეს უკვე რიგით მესამე დოკუმენტია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ შედის.
ოპოზიციონერი დეპუტატები ამ საკონსტიტუციო სარჩელით ამტკიცებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაციას გულისხმობს. საწყის ეტაპზე ოპოზიცია ითხოვს, სარჩელის განხილვების დასრულებამდე კანონის მოქმედება შეჩერდეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შესული პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და დეპუტატების სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და განიხილება. როგორც ტურავამ თქვა საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „გონივრულ ვადებში იქნება მიღებული“. მისი განმარტებით, საკითხის განხილვას მინიმუმ 1 თვე მაინც დასჭირდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს პრეცედენტული საქმე განიხილოს, რადგან, აქამდე მოსამართლეებს არასდროს უმსჯელიათ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე. ამ მუხლის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა „ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „რუსული კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა. რუსული კანონის მიღებას წინ უძღოდა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები.
კანონის ამოქმედების შემდეგ საპასუხო ნაბიჯები გადადგეს დასავლელმა პარტნიორებმაც. შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ასევე ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გაყინა. გარდა ამისა, შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახებს. ორმხრივი ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადაიდო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“.