ტერორისტული აქტის მომზადების და ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე გამოძიება გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენება უკრაინაში ყოფილმა მებრძოლმა, კონსტანტინე ჯღამაიამ მისცა. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებთან არავითარი კვეთა და ნაცნობობა არ აკავშირებს.
ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლებით მიმდინარე გამოძიებაზე კონკრეტულ მტკიცებულებებს და ფაქტებს ითხოვს ოპოზიცია. მოახლოებული არჩევნების ფონზე მათთვის სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არადამაჯერებელია. ოპონენტები საკუთარ პოზიციას იმ გარემოებითაც ამყარებენ, რომ ანალოგიური ბრალდებებით სუს-ის მხრიდან ბოლო წლებში არაერთი საქმე აღიძრა, თუმცა გამოძიება ბოლომდე არცერთხელ მისულა.
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოწოდების სიმაღლეზეა. მინისტრი ამბობს, რომ ე.წ. სახელმწიფო გადატრიალებასა და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე დაწყებული გამოძიება წარმატებით დასრულდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებისა და შეთქმულების ფაქტზე მიმდინარეობს. საქმე ეხება უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტს. ამ საქმესთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე დღეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვაზე უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს იბარებს, მათ შორის არიან: ნადიმ ხმალაძე, გელა კახაბრიშვილი, ლაშა ჭიღლაძე, ვაჟა ცეცაძე, ლაშა რუხაია, კონსტანტინე ჯღამაია. ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე იწყებს გამოძიებას. თუმცა არცერთი საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის.