საერთაშორისო პარტნიორები „ქართულ ოცნებას“ ევროპისა და ამერიკის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებაში კიდევ ერთხელ ამხელენ. ამჯერად, განცხადება ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, იური კიმმა გააკეთა. ის გამოეხმაურა ივანიშვილის პარტიის შეთქმულების თეორიას ე.წ. „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ და თქვა, რომ ეს ყალბი ინფორმაციაა. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები არის სიგიჟე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული.
“როცა ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს – ეს ყალბი ინფორმაციაა. როცა ამტკიცებ, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ქართული ოცნების ქმედებების წინააღმდეგ გამოდიან, მაგრამ „რეალური“ ურთიერთობა აშშ-თან არის ისეთი ჯანსაღი როგორც არასდროს – ეს ყალბი ინფორმაციაა. ორივე გზაზე სიარული შეუძლებელია! როცა ამტკიცებ, რომ ამერიკის ელჩი, ამერიკის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, როგორღაც აწარმოებს თაღლითურ ოპერაციას, რათა განახორციელოს გადატრიალება ისეთი მეგობარი ქვეყნის არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორიც საქართველოა – ეს ისევ ყალბი ამბებია! თქვენ არ შეგიძლიათ იმის თქმა, რომ წარმოადგენთ თქვენს ხალხს და გინდათ მომავალი ევროპაში და ძლიერი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და შემდეგ გააკეთოთ ის, რაზეც შენმა ხალხმა და მეგობრებმაც თქვეს, რომ არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი აკეთებს და რაც რუსეთს სურს.. ეს არის სიგიჟე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ”, – განაცხადა იური კიმიმ.
„ქართული ოცნების“ დეზიფორმაციულ კამპანიასა და ბოლოდროინდელ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებთან დაკავშირებით განცხადება კიდევ ერთხელ გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. მეთიუ მილერმა 24 ივლისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის პოლიტიკა გრძელდება და მათი საპასუხო ზომები „ოცნების“ ქმედებებზეა დამოკიდებული.
რუსული კანონის მიღების შემდეგ „ოცნების“ წევრების, დარბევებში მონაწილე სამართალდამცავების და მათი ოჯახების წინააღმდეგ აშშ-მა სავიზო სანქციების პირველი ტრანში 2024 წლის 6 ივნისს გამოაცხადა. გარდა ამისა, შტატებმა საქართველოსთან თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო ერთობლივი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“. საპასუხო ზომები მიიღო ევროკავშირმაც. შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და გაიყინა 30 მილიონი ევრო, რომელიც საქართველოს თავდაცვის გაძლიერებას უნდა მოხმარებოდა.