ახლა ისტორია თქვენს ხელშია – ჯო ბაიდენის პირველი მიმართვა საპრეზიდენტო მარათონიდან გათიშვის შემდეგ | 25.07.2024

საპრეზიდენტო მარათონიდან გამოთიშვის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლიდან პირველი მიმართვა გაავრცელა. ბაიდენმა ამერიკელებს აუხსნა თავისი გადაწყვეტილება, გამოეთიშოს საარჩევნო მარათონს და უარი თქვას მეორე ვადით კენჭისყრაზე. ჯო ბაიდენის თქმით, პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი მიღწევები, მსოფლიოში მისი ლიდერობა და ქვეყნის მომავლის ხედვა მეორე ვადას იმსახურებს, მაგრამ დემოკრატიის გადარჩენის გზას წინ არაფერი უნდა გადაეღობოს და ეს ეხება პირად ამბიციებსაც.

“გადავწყვიტე, რომ წინსვლის საუკეთესო გზაა, გადასცე ჩირაღდანი ახალ თაობას. ჩვენი ერის გაერთიანების საუკეთესო გზა ეს არის. მე ვეთაყვანები ამ კაბინეტს, მაგრამ ჩემი ქვეყანა უფრო მიყვარს. დიდებული რამ ამერიკის შესახებ ისაა, რომ აქ მეფეები და დიქტატორები არ მართავენ. ხალხი მართავს. ისტორია თქვენს ხელშია. ძალაუფლება თქვენს ხელშია. ამერიკის იდეა – თქვენს ხელშია. ჩემი ცხოვრების პატივი იყო, მემსახურა თქვენს პრეზიდენტად. მაგრამ, დემოკრატიის დაცვა, რომელიც სასწორზე დევს, ვფიქრობ უფრო მნიშვნელოვანი რამაა, ვიდრე ნებისმიერი ტიტული. ძალას ვიღებ და სიხარულს ვგრძნობ ამერიკელი ხალხისთვის მუშაობაში. ბავშვი, რომელიც ბორძიკით ლაპარაკობს, მოკრძალებული საწყისით, პენსილვანიიდან, დელავერიდან“, დაჯდეს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, პრეზიდენტის მაგიდასთან – მე აქ ვარ. ეს არის ძალიან განსაკუთრებული ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ვართ დაპირებების, შესაძლებლობებისა და მეოცნებეების ერი. კარი ჩვეულებრივი ამერიკელებისთვის, გააკეთონ არაჩვეულებრივი რაღაცები. ჩემს სულსა და გულს ვაძლევ ჩვენს ერს”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისის შესახებ ისაუბრა და მას მადლობა გადაუხადა. ბაიდენის თქმით ახლა სწორედ ამერიკელი ხალხის გადასაწყვეტია, თუ ვისზე შეაჩერებენ არჩევანს.

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკის მიზანი პუტინის შეჩერება იქნაბა. ბაიდენის თქმით, ახლა მიღებული გადაწყვეტილებები ამერიკისა და მსოფლიოს ბედს ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავს.

27 ივნისის შემდეგ, როცა ჯო ბაიდენს რესპუბლიკელების კანდიდატ დონალდ ტრამპთან პირველი წარუმატებელი დებატები ჰქონდა, აშშ-ის პრეზიდენტს არაერთმა დემოკრატმა მოუწოდა, უარი ეთქვა მეორე ვადით კენჭისყრის განზრახვაზე.

21 ივლისამდე ჯო ბაიდენი ამბობდა, რომ საარჩევნო მარათონიდან გასვლას არ აპირებდა, თუმცა აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა 21 ივლისს განაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშებოდა, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრიდა და მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერდა. ბაიდენმა ეს განცხადება სოციალური ქსელებით გაავრცელა, რადგან კორონავირუსის გამო დელავერის შტატში, თავის სახლში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

დემოკრატიული პარტია პრეზიდენტობის კანდიდატს ოფიციალურად ყრილობაზე წარადგენს, რომელიც 19 აგვისტოს ჩიკაგოში გაიხსნება. ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, აქტიური საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო.