„ოცნება“ ირწმუნება, რომ სუს-ი ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადების საქმეს იძიებს | 23.07.2024

უკრაინაში მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ პროპაგანდისტული კამპანია გრძელდება. ამჯერად, სუს-მა ტერორიზმის და შეთქმულების მომზადების საქმეზე აგვისტოს ომისა და აფხაზეთის ომის ვეტერანი, გელა კახაბრიშვილი გამოკითხა. გამოკითხვის შემდეგ კახაბრიშვილმა და მისმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადეს, რომ მათ შეკითხვები ბიძინა ივანიშვილისა და „ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებასთან დაკავშირებით დაუსვეს. უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლები საქმეში პოლიტიკურ კვალს ხედავენ.

სახელისუფლებო მედია ირწმუნება, რომ სუს-ი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადების საქმეს იძიებს. „ოცნებასთან“ აფილირებული ტელეარხები ამბობენ, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით იბარებენ. სამთავრობო მედიასაშუალებები ამ ვერსიას გამოკითხვაზე დაბარებულებისა და მათი ადვოკატის ინტერვიუების საფუძველზე ავითარებენ. ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილ შესაძლო ტერორისტულ აქტზე საუბრით დაიწყო დღეს „რუსთავი 2-ის“, „იმედის“, „პოსტვ-ისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებები. ოთხივე არხმა თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია ერთმანეთის მსგავსი ტექსტით გაავრცელა.

სუს-ში დაბარებულთა რაოდენობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 10-მდე გაიზარდა. მებრძოლები დარწმუნებულები არიან, რომ მათ წინააღმდეგ მიმართული კამპანიის უკან ოკუპანტი ქვეყანა დგას და საქართველოს ხელისუფლება რუსეთის დაკვეთით მოქმედებს. შეთქმულებისა და ტერორიზმის მომზადების მუხლებით დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებს. ცნობილია, რომ საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.