სამოქალაქო მოძრაობას – „აირჩიე ევროპა“, ის ახალგაზრდული ორგანიზაციები შეუერთდნენ, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზებაში იყვნენ ჩართულები. მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ხათუნა ლაგაზიძის თქმით, დაიწყება ერთობლივი პროექტების განხორციელება, მათ შორის – “საქართველოს ევროპული ელჩები”, სადაც ახალგაზრდები მთელი საქართველოდან დარეგისტრირდებიან. პროექტის მიზანი იქნება 26 ოქტომბერს, “არც ერთი ევროპული ხმა სახლში არ დარჩეს”.
სამოქალაქო მოძრაობა “აირჩიე ევროპას”, პლატფორმა “წინაპრების” წევრებმა და რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილე ახალგაზრდებმა ხელი მოაწერეს “ერთიანობისა და გამარჯვებისთვის მზაობის” მანიფესტს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ქართული ნაციონალური ბალეტის, “სუხიშვილების“ ხელმძღავენელი ილიკო სუხიშვილი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი. სიტყვით გამოსვლისას სუხიშვილმა თქვა, რომ არჩევანი მარტივია – ქვეყანას ევროპა სჭირდება. ნიკოლოზ რაჭველი მზად ყოფნას გამოთქვამს იყოს ყველგან, სადაც ამის აუცილებლობა იქნება, რადგან მისი თქმით, წინ გადამწყვეტი პროცესია და სწორედ ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი.
სამოქალაქო მოძრაობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოხალისე-დამკვირვებლების გადამზადებასაც აანონსებს.
იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც სამოქალაქო მოძრაობას შეუერთდნენ, არიან: „ნაბიჯი“, „Gen Z ევროპისთვის“, „რეფორმებისა და კვლევების ჯგუფი“, „ახალგაზრდული ხმა“, სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“, „12 სართული“ და სხვა. ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს ქუჩაში გატარებულ საპროტესტო დღეებზე და არჩევნების პროცესში ახალგაზრდების როლზე.