ჯო ბაიდენმა არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა- შეაჩერებენ თუ არა „დემოკრატები“ არჩევანს კამალა ჰარისზე | 22.07.2024

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან გუშინ პლატფორმა X-ზე დაწერა. ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკელ ხალხს ამ კვირის ბოლოს უფრო დეტალურად გაესაუბრება. 81 წლის პრეზიდენტი გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ ეს გადაწყვეტილება „დემოკრატიული პარტიისა“ და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. ბაიდენმა საარჩევნო კამპანიის დასრულების პარალელურად, პარტიას პრეზიდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისი შესთავაზა, რომელიც ამ დრომდე ამერიკაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა თქვა, რომ ის მადლიერებით იღებს ჯო ბაიდენის მხარდაჭერას, რომელმაც უარი თქვა წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაზე და „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატად მისი წარდგენა შესთავაზა. კამალა ჰარისის თქმით, ბაიდენის გადაწყვეტილება არჩევნებიდან გასვლის შესახებ პატრიოტიზმის მაგალითია.

„დემოკრატებს“ ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი ოფიციალურად ჯერ არ ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენმა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადა, არ შეიძლება ითქვას, რომ მას კონკურენტები არ ეყოლება. მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰარისმა უკვე დაიწყო სატელეფონო ზარების განხორციელება გამოჩენილი „დემოკრატების“, მათ შორის დეპუტატებისა და გუბერნატორების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ვიცე-პრეზიდენტმა უკვე მოიპოვა ბილ და ჰილარი კლინტონების მხარდაჭერა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ბარაკ ობამასა და ნენსი პელოსის პოზიცია, რომლებიც „დემოკრატიულ პარტიაში“ დიდი გავლენით სარგებლობენ. კენჭისყრა დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე გაიმართება, რომელიც ჩიკაგოში 19 აგვისტოს უნდა გაიხსნას.

იმ შემთხვევაში თუ „დემოკრატები“ ერთიან კანდიდატებზე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ მათ ყრილობაზე იმ პროცედურის გავლა მოუწევთ, რასაც 1968 წლის შემდეგ ადგილი აღარ ჰქონია. „დემოკრატებმა“ შესაძლოა რამდენიმე კანდიდატი დაასახელონ და მათგან ერთი ღია კენჭისყრით აირჩიონ. თუ ხმათა უმრავლესობას ვერცერთი მათგანი ვერ მოიპოვებს, მაშინ პროცესში „სუპერდელეგატები“ ანუ პარტიის ლიდერები და ოფიციალური პირები ჩაერთვებიან. მათ ხმა სასურველ კანდიდატს მანამ უნდა მისცენ, სანამ გამარჯვებული არ გამოვლინდება.

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით, „რესპუბლიკელების“ კანდიდატი, დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოეხმაურა. მან დაწერა, რომ ბაიდენი არ არის შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და არც არასდროს ყოფილა. ტრამპი გამოეხმაურა კამალა ჰარისის კანდიდატურის შეთავაზებასაც და თქვა, რომ ჰარისის დამარცხება 5 ნოემბრის არჩევნებში უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის.

ჯო ბაიდენის კანდიდატურის ჩანაცვლების აუცილებლობაზე საუბარი განსაკუთრებით გააქტიურდა დონალდ ტრამპთან წაგებული დებატების შემდეგ. ტრამპზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ კი ბაიდენს თავისი თანაპარტიელები, 40-მდე კანონმდებელი მოუწოდებდა, ჩამოშორებოდა საპრეზიდენტო არჩევნებს. ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნას „დემოკრატიული პარტიის“ შემომწირველთა ნაწილიც აქტიურად ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კამპანიის ფინანსურ უზრუნველყოფაზე უარს აცხადებდნენ.