რუსული კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს პრემიერი ირაკლი კობახიძე ეხმაურება და ამბობს, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ ჟესტით სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია აღიარა.
ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ პრეზიდენტის სარჩელს ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება, არ უკვირთ ოპოზიციაში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პრემიერ მინისტრს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ და ამბობენ რომ კობახიძე სასამართლოს მითითებებს არ უნდა აძლევდეს.
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ოპოზიციონერ დეპუტატებსაც შეაქვთ. ოპოზიციონერი დეპუტატები რუსული კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას ითხოვენ. არსებული ინფორმაციით, სარჩელს ხელს 32 დეპუტატი მოაწერს. ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელს არ უერთდება პარტია „გირჩი“. ამის მიზეზად პარტიაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის არ სჯერათ.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა, რომლითაც ზურაბიშვილი რუსული კანონის“ გაუქმებას ითხოვს. სარჩელის რეგისტრაცია აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ საქმე განსახილველად გადაეგზავნოს პლენუმს – სასამართლოს სრულ შემადგენლობას.
პრეზიდენტს ამ დრომდე არასდროს მიუმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ეს საქმე პრეცედენტულია კიდევ ერთი მიზეზით – აქამდე მოსამართლეებს არასდროს უმსჯელიათ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე. ამ მუხლის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა „ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
როგორც პრეზიდენტი, ასევე, მედია და არასამტავრობო ორგანიზაციები სარჩელთან ერთად, დროებითი ღონისძიების სახით, „რუსულ კანონში” შეტანილი არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებას მოითხოვენ იმ დრომდე, სანამ სასამართლო საქმეს არსებითად განიხილავს.
პრეზიდენტის საკონსტიტუციო სასამართლოს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ სარჩელით არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმაც მიმართეს.