„ქართული ოცნება“ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დონალდ ტრამპს უჭერს. პრემიერმა კობახიძემ დღეს ივანიშვილის რიტორიკა გაიმეორა და თქვა, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ომი უკრაინაში მალე დასრულდება და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები გაჯანსაღდება. თუმცა, კობახიძეს არაფერი უთქვამს, როგორ აპირებენ ტრამპთან თანამშრომლობას მაშინ, როცა ჩინეთი „ოცნების“ ხელისუფლებამ ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირედ გამოაცხადა. მაშინ, როცა ივანიშვილის პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელების“ კანდიდატს გულშემატკივრობს, ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრებს საქართველოდან თინა ბოკუჩავას ხელმძღვანელობით მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია ესწრებოდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ ფსონს მაინც ტრამპის გამარჯვებაზე დებს.