თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის რევი დემეტრაშვილი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა და გზა გადაუკეტა, რის შედეგადაც ბაიკერი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევას Tiktok live-ში იღებდა მოქალაქე, რომელსაც მოგვიანებით პოლიციამ ვიდეოს გადაღება შეაწყვეტინა და ადმინისტრაციული წესით დააკავა. მას შსს პოლიციის შეურაცხყოფას ედავება.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რასაც ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, პროკურატურამ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სოციალურ ქსელში იძებნება გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე რევი დემეტრაშვილის მიერ გადაღებული ვიდეო. მასზე ჩანს, რომ ის დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა.