პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. ამნისტიის საბოლოოდ მიღებას „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ, საშემოდგომო სესიაზე გეგმავს. რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ საპარლამენტო ბოიკოტის გამო განხილვას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრებოდა.
ოპოზიციიდან ამნისტიის კანონპროექტის მხარდამჭერია “გირჩი”. თუმცა პარტიის თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მუხლები, რომლებსაც ამნისტია შეეხება, უნდა გაფართოვდეს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილი თქმით, კანონპროექტი “ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება”.„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამნისტიის პროექტი „დაბალანსებულია“.
ამნისტიის კანონპროექტის გაფართოებას პატიმრების ოჯახის წევრები მოითხოვენ. საპროტესტო აქცია დღეს პარლამენტთან კანონპროექტის განხილვის პარალელურად მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ჩამონათვალში ვერ მოხვდა ბევრი არაძალოდობრივი დანაშაული, რაც მათი აზრით არაჰუმანურია. მანამდე, 16 ივლისს რამდენიმე მედიასაშუალებით ცნობილი გახდა, რომ ციხეებში პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს.
ხელისუფლება, წინასაარჩევნოდ გეგმავს, ციხის კარი 3000-ზე მეტს პატიმარს გაუხსნას, 7000-მდე მსჯავრდებულს კი სასჯელი შეუმციროს. “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული პროექტით, ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამოცდაათამდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს. გარდა ამისა, 1/6-ით შემცირდება სასჯელის ზომა დაახლოებით 225 მუხლის შემთხვევაში.
ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.