საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი ჰყავს – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დადებითი შეფასების შემდეგ, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე 80 ხმით, ნულის წინააღმდეგ, გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი აირჩიეს. საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას გაბიტაშვილი ექვსი წლით დაიკავებს.
რიგგარეშე სესიაზე კენჭისყრამდე გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს იურიდიულ საკიტხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. გენერალური პროკურორის მოქმედმა მოადგილემ თქვა, რომ მისი განსაკუთრებული პრიორიტეტია მსხვერპლი და მოწმე ბავშვების დაცვა, მათ შორის – სქესობრივი ძალადობისა და ექსპლუატაციისგან, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვებისა და გავრცელებისგან.
ახალარჩეული გენერალური პროკურორი მიიჩნევს, რომ ამჟამად პროკურატურა პოლიტიკური გავლენებისგან სრულად თავისუფალია.
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა გენპროკურორმა ირაკლი შოთაძემ “ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის” გამო პოსტი დატოვა. ახლადარჩეული გენპროკურორი გიორგი გაბიტაშვილი ბოლო 11 წელია, 2013 წლის 13 ივნისიდან დღემდე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს. გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტს გენერალური პროკურორის კანდიდატად საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. საბჭომ გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის გზით მიიღო. კენჭისყრაში საბჭოს 11-ივე წევრი მონაწილეობდა, ყველა მათგანმა ხმა სწორედ გაბიტაშვილის კანდიდატურას მისცა.