პრეზიდენტის შემდეგ, რუსულ კანონს საკონსტიტუციოში 121 მედია და სამოქალაქო ორგანიზაცია ასაჩივრებს | 17.07.2024

პრეზიდენტის შემდეგ რუსულ კანონს საკონსტიტუციოში 121 მედია და სამოქალაქო ორგანიზაცია ასაჩივრებს. სარჩელის თანაავტორები სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ, რომ დროებით შეჩერდეს კანონში არსებული სადავო ნორმების მოქმედება. მოსარჩელეები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადებში შეასრულებს საკუთარ უფლებამოსილებას და შეაჩერებს კანონის არაკონსტიტუციური ნორმების მოქმედებას.

სარჩელის ავტორები აცხადებენ, რომ სადავო კანონი ზღუდავს მოქალაქეთა უფლებას გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის საკეთებლად და ადამიანების დასახმარებლად. მათი შეფასებით, „რუსული კანონის“ მიღებით ხელისუფლება მტრულ და ღირსების შემლახავ გარემოს ქმნის, რითაც გაერთიანების, გამოხატვისა და სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას საფრთხედ აცხადებს.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში საჩივარს გაგზავნიან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც.

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ასევე, სარჩელის შეტანას აპირებენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც. სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატი ჩართული იქნება განხილვის პროცესში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით. სახალხო დამცველს შეუძლია, პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის მსგავსად, ანალოგიურად მოამზადოს სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ, ან სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართოს და ამ ფორმით დააფიქსიროს პოზიცია.

საქმე პრეცედენტულია რადგან აქამდე მოსამართლეებს არასდროს უმსჯელიათ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე. ამ მუხლის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა „ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „რუსული კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა. რუსული კანონის მიღებას წინ უძღოდა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები. კანონის ამოქმედების შემდეგ საპასუხო ნაბიჯები გადადგეს დასავლელმა პარტნიორებმა. შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ასევე ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გაყინა. გარდა ამისა, შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახებს. ორმხრივი ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადაიდო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“. როგორც ამერიკის ისე ევროკავშირის მხრიდან დაანონსებულია სანქციების პაკეტის გაფართოება.