სოხუმში სიტუაცია დაძაბულია. ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეებსა და ე.წ პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეებისთვის კერძო საკუთრების ყიდვის უფლების მინიჭებას აპროტესტებს. ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილები მოითხოვდნენ დეპუტატებისგან, ხალხის წინაშე გამოსულიყვნენ, რაც კანონმდებლებმა უგულებელყვეს.
კანონის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ აპარტამენტის თაობაზე მომზადებული ნორმა არასაცხოვრებელი ფართების შეძენის შემთხვევაში მათ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების უფლებასაც მისცემს, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება უარყოფს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ლეონიდ ჩამაგუა ადგილობრივი ტელეგრამის არხებთან საუბარში ამბობს, რომ აფხაზი ხალხის გარეშე ცდილობენ მიიღონ კანონი, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფოს დანგრევისკენ არის მიმართული.
ადგილობრივი მედიის ცნობით ე.წ პარლამენტის წინ სიტუაცია დაძაბულია, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ დაიშლებიან, მანამ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.