ოლიგარქმა ივანიშვილმა ხელისუფლებაში ყოფნის მე-12 წელს კვლავ რეპრესიები დააანონსა და არჩევნების მოგების შემთხვევაში ე.წ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ კანონის წინაშე პასუხისგებით დაემუქრა. „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ოპონენტების მიმართ ისევ შეურაცხმყოფელი ეპითები გამოიყენა და უსამშობლოები უწოდა ყველას, ვინც მის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებს. მათ შორის დაასახელა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ივანიშვილმა ე.წ. „გლობალურ ომის პარტიასა“ და საქართველოში აგენტურულ ქსელზე ისაუბრა. მისი თქმით, 26 ოქტომბერი არის რეფერენდუმი, სადაც საქართველომ არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის უნდა გააკეთოს. ოლიგარქი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც რუსეთის პირისპირ ქვეყანას დასავლური მხარდაჭერის გარეშე ტოვებს, მშვიდობის გარანტია და მისი რეიტინგი 60%-ს აღწევს.
ოლიგარქმა ამომრჩევლებს გეოპოლიტიკური ვითარების მისეული ანალიზიც შესთავაზა. ივანიშვილს არ დაუმალავს, რომ „ოცნებას“ შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების იმედი აქვს. რის შემდეგაც, ოლიგარქის მტკიცებით, ომი უკრაინაში შესაძლოა 2025 წლის იანვარში დასრულდეს. ივანიშვილის თქმით, ამ შემთხვევაში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები გაჯანსაღდება.
ოლიგარქი, ერთი მხრივ, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელების“ გამარჯვების შანსებზე, მეორე მხრივ, კი საქართველოში ჩინური ინვესტიციების როლზე საუბრობდა. თუმცა, ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია, როგორ გააჯანსაღებს ურთიერთობას ტრამპის ადმინისტრაციასთან, რომელიც ყოველთვის ჩინეთის მიმართ უკიდურესად მწვავე პოზიციით გამოირჩევა.
ოლიგარქმა ივანიშვილმა მუქარისშემცველი, ანტიდასავლური და პრორუსული განცხადებები გუშინ ორთაჭალაში, „ქართული ოცნების“ ახალი სათავო ოფისის გახსნაზე გააკეთა. მმართველმა გუნდმა ახალ ოფისში გადასვლით წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ღონისძიებას ივანიშვილის პარტიის წევრების და მხარდამჭერების ნაწილი ესწრებოდა. გუშინვე გახდა ცნობილი ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოლიგარქის გუნდი მისგან ფორმალურად გამოყოფილ „ხალხის ძალასთან“ ერთად გავა.