ევროკომისია უნგრეთის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრებს ბოიკოტს უცხადებს | 16.07.2024

ევროკომისია უნგრეთის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრებს ბოიკოტს უცხადებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა გააუქმა უნგრეთში ევროკომისრების ვიზიტი რომლებსაც კომისართა კოლეგაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ისინი მონაწილეობას არც ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ სხდომებში მიიღებენ. მოსკოვსა და პეკინში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტების შემდეგ, ევროკომისიამ ამ ფორმით გამოუცხადა ბოიკოტი ევროკავშირში უნგრეთის 6-თვიან თავმჯდომარეობას. ურსულა ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილება 15 ივლისს, ღამით ევროკომისიის წარმომადგენელმა ერიკ მამერმა სოციალურ ქსელ იქსზე გაავრცელა.

“უნგრეთის პრეზიდენტობის დასაწყისში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ევროკომისიის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ კომისია იქნება წარმოდგენილი უფროსი საჯარო მოხელეების დონეზე მხოლოდ საბჭოს არაფორმალურ შეხვედრებზე,” – ევროკომისიის სპიკერი ერიკ მამერი.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სხვადასხვა დარგის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრებს ორგანიზებას უწევს როტაციის წესით თავმჯდომარედ მყოფი ქვეყანა. ამ შეხვედრებში, როგორც წესი, მონაწილეობენ ევროკომისრებიც. უნგრეთმა, რომელიც როტაციის წესით, ევროკავშრის თავმჯდომარე ქვეყანაა, დაგეგმილი კომისართა კოლეგიის ვიზიტის ჩაშლის შემდეგ ევროკომისია წევრი ქვეყნების მიმართ შერჩევით ურთიერთობაში დაადანაშაულა. ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი იანოშ ბოკა სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც წევრი სახელმწიფოებისგან შედგება, ევროკომისია კი ევროკავშირის ინსტიტუტია.

“ევროკომისიას არ შეუძლია, შერჩევით შეარჩიოს ინსტიტუტები და წევრი ქვეყნები, რომლებთანაც მას სურს თანამშრომლობა. ნუთუ, ევროკომისიის ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკურ მოსაზრებებს ეფუძნება?” – ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი იანოშ ბოკა.

პირველ ივლისს უნგრეთი, როტაციის წესით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვის ვადით გახდა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ვიქტორ ორბანი თავის მიზნად სამშვიდობო მისიას ისახავს. ამ მიზეზით ის, 2012 წლის შემდეგ პირველად, 2 ივლისს კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, შემდეგ კი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. კიევისა და მოსკოვში გამართული ვიზიტების შემდეგ, კი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩავიდა, სადაც ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა. ამის შემდეგ ვიქტორ ორბანი აშშ-ში ყოფილ პრეზიდენტსა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს შეხვდა.