აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის“. მილერის თქმით ბაიდენის განცხადება, რომელიც მან ტრამპზე თავდასხმის შემდეგ გააკეთა სპეკულაციებისგან თავშეკავებაზე სხვა ქვეყნებსაც ეხება.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმა “გლობალური ომის პარტიის არსებობას” დაუკავშირა. კობახიძის მტკიცებით, “გლობალური ომის პარტიამ” “პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქცია”. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და მათი მოკავშირეების ეს თუ სხვა მსგავსი განცხადებები აშშ-ში მიმდინარე ინტენსიური გამოძიების ფონზე გაკეთდა; როცა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, რა მოტივით ესროლა 20 წლის ახალგაზრდამ ტრამპს. ბრალდებებისგან თავს თავად დონალდ ტრამპიც იკავებს და ეროვნულ ერთიანობაზე საუბრობს.