პრეზიდენტი რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ეს ზურაბიშვილის პირველი სარჩელია საკონსტიტუციოში. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ “ოცნების” მიერ მიღებული კანონი ანტიეროვნული და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. პრეზიდენტი სარჩელში მიუთითებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციის 78-ე მუხლი დაარღვია, რადგან რეპრესიული კანონი ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. პრეზიდენტი მოითხოვს, რომ სარჩელის განხილვის დასრულებამდე კანონის მოქმედება შეჩერდეს, შემდეგ კი გაუქმდეს. პრეზიდნეტის პოზიცია დღეს მისმა საპარლამენტიო მდივანდმა, გიორგი მსხილაძემ ორგელიანების სასახლეშ გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.
პრეზიდენტის მსგავსად სარჩელის შეტანას გეგმავენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც. მათი შეფასებით, რუსული კანონი უნდა გაუქმდეს რადგან, ოცნების მეირ მიღებული რეპრესიული კანონი ამ ქვეყანაში თავისუფალ სივრცეს არავის უტოვებს.
რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ისინი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, აპირებენ დაასაბუთონ, რამდენად შეუთავსებელია რუსული კანონი კონსტიტუციის მე-2 თავში განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებთან.
საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურად წარედგინება სახალხო დამცველის პოზიციაც. ლევან იოსელიანს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში – მოამზადებს დამოუკიდებელ სარჩელს, თუ საკონსტიტუციოს წარუდგენს “სასამართლოს მეგობრის” პოზიციას. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც სარჩელს არასამთავრობო ორგანიზაციებიც წარადგენენ. ომბუდსმენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პარლამენტს არ უნდა მიეღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „რუსული კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა. რუსული კანონის მიღებას წინ უძღოდა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები.
კანონის ამოქმედების შემდეგ საპასუხო ნაბიჯები გადადგეს დასავლელმა პარტნიორებმა. შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ასევე, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გაყინა. გარდა ამისა, შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახებს. ორმხრივი ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადაიდო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“.