საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი არ პასუხობს შეკითხვას, ვისი პასუხისმგებლობაა ის, რომ ნატოს დღისწესრიგიდან საქართველო ჩაიხსნა. კრიტიკული შეკითხვებისგან გაქცევა დარჩიაშვილს ვაშინგტონში მოუწია, სადაც ის ნატოს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. „ფორმულას“ ჟურნალისტმა, დემნა დევდარიანმა მინისტრთან ინტერვიუს ჩაწერა იმ სასტუმროსთან სცადა, სადაც დარჩიაშვილი იმყოფებოდა. ეს მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დარჩიაშვილი ოპოზიციურ მედიას დაუმალა და კომენტარები მხოლოდ სამთავრობო ტელეკომპანიებთან გააკეთებინა.
დარჩიაშვილმა არაფორმალურ ვითარებაში კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ის მეუღლესთან ერთად ქუჩაში გადაადგილდებოდა, თუმცა ჟურნალისტის შეკითხვების გამო სასტუმროში დაბრუნება მოუწია. მან არ უპასუხა მთავარ შეკითხვას, რატომ გაქრა ნატოს სამიტის კომუნიკედან საქართველო.
„შენ ვინ ხარ ვაფშე?!“ — ამ სიტყვებით ჟურნალისტ დემნა დევდარიანს აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა მიმართა. დარჩიაშვილის მსგავსად, ზალკალიანიც წყობიდან ნატოს კომუნიკეს შესახებ დასმულმა შეკითხვებმა გამოიყვანა, რომელშიც საქართველოს შესახებ პრაქტიკულად არაფერი წერია.
ჟურნალისტის შეკითხვაზე: ნატოში ფიასკოს შემდეგ, დატოვებს თუ არა ელჩის პოსტს, ზალკანიანი პასუხობს, რომ არა.