უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ფლორიდაში შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ინფორმაცია ტრამპის რეზიდენცია მარ-ა-ლაგოში გამართული შეხვედრის შესახებ ორბანმა 12 ივლისს სოციალური ქსელით გაავრცელა. ორბანი ამტკიცებს, რომ შეხვედრაზე მშვიდობის მიღწევის გზები განიხილეს. მისივე თქმით, ტრამპი ამ პრობლემის მოგვარებას აპირებს. ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ორბანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და დაწერა, რომ მშვიდობამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაისადგუროს. ტრამპის თქმით, „საკმაოდ ბევრი ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც არ უნდა დაწყებულიყო“.
ევროკავშირის და ნატო-ს წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც კრემლთან კარგი ურთიერთობა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც შეინარჩუნა, ე.წ. „სამშვიდობო მისიით“ კიევში 2 ივლისს იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, ხოლო 5 ივლისს მოსკოვში მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. შემდეგ კი მოლაპარაკება გამართა ჩინეთში.
ორბანმა ზელენსკის ცეცხლის შეწყვეტა და ამის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან შორსაა, მაგრამ მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
1 ივლისიდან უნგრეთი ექვსი თვით გახდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. ზელენსკისთან, პუტინთან, სი ძინპინთან და ტრამპთან მოლაპარაკებების გამო ევროკავშირი და ნატო აცხადებენ, რომ ორბანი მათი სახელით და უფლებამოსილებით არ მოქმედებს.