ნატოს საიუბილეო სამიტი ვაშინგტონში დასკვნით ეტაპზე გადადის. სამუშაო სესია აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის სიტყვით გაიხსნა. ბაიდენმა განაცხადა,რომ ნატო დაიცავს მისი ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ალიანსი ყოველთვის მზად იყოს ნებისმიერი საფრთხისთვის.
შეხვედრების მეორე დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია გამოაქვეყნეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნატო სრულად უჭერს მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს უსაფრთხოების საკუთარი ზომები და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. ამასთან, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადი და პოლიტიკურად ინტეგრირებული ხდება ალიანსთან და ნატო მიესალმება იმ კონკრეტულ პროგრესს, რომელსაც უკრაინამ მიაღწია ვილნიუსის სამიტის შემდეგ საჭირო დემოკრატიულ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების რეფორმებში.
დეკლარაციის თანახმად, ნატო-ს წევრ ქვეყნებს გადაწყვეტილი აქვთ, უკრაინას მომავალ წელს მინიმუმ 40 მილიარდი ევრო გამოუყონ. ალიანსი ასევე შექმნის მექანიზმს, რომლის მიზანია უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღებისა და წვრთნის კოორდინაცია. დეკლარაციაში ნატო უკრაინაში ომისთვის სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთს და მოუწოდებს მას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და უპირობოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.
ჯო და ჯილ ბაიდენებმა თეთრ სახლში ნატო-ს 75-ე სამიტის მონაწილეებს ვახშამზე უმასპინძლეს. ამერიკული მედიის შეფასებით ფორმალური და არაფორმალური შეხვედრებით ბაიდენი ცდილობს, აჩვენოს ყველას, რომ მას ჯერ კიდევ აქვს ძალა იმუშაოს ასეთ მაღალ თანამდებობაზე. ვახშამის შემდეგ ჯო ბაიდენი სიტყვით გამოვიდა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნატო-ს მნიშვნელობას.