„ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო საქართველო ნატოს დღისწესრიგიდან, ფაქტობრივად, ჩაიხსნა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 75-ე, საიუბილეო დეკლარაციის ტექსტში საქართველო მხოლოდ ერთხელ და ისიც, უკრაინისა და მოლდოვის კონტექსტშია ნახსენები. ეს მაშინ, როცა გასული წლის ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში საქართველო 13-ჯერ იყო ნახსენები. საუბარი ასევე შეეხებოდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებასაც, რომ საქართველო ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით გახდებოდა. მაშინ ქვეყანას დოკუმენტის მთელი ქვეთავი მიეძღვნა და ჩანაწერები ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერასაც ეხებოდა. ახლა დოკუმენტში მხოლოდ ის წერია, რომ ნატო „მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული“.
“რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომზე ერთპიროვნული პასუხისმგებლობა ეკისრება, რაც საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაერო-ს წესდების უხეში დარღვევაა. რუსული ძალებისა და ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, ომის დანაშაულები და საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევები არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილზე პასუხისმგებელი რუსეთია და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უზარმაზარი ზიანი მიაყენა. ჩვენ უკრაინელ ხალხზე რუსეთის საზარელ თავდასხმებს მკაცრად ვგმობთ, მათ შორის საავადმყოფოებზე, 8 ივლისს. რუსეთმა ეს ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს და მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად. ჩვენ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის უკანონო ანექსიას, არასდროს ვაღიარებთ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული”, – ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია.
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ პირველად, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შესახებ არაფერი წერია. ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ბრალეულობაზე საუბრობს. მათი თქმით, ნატო-სთან 22-წლიანი ღია კარის პოლიტიკა სწორედ ოლიგარქის გუნდმა დახურა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების გარეშე ვერ განაახლებს.
მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს ბოლო კომუნიკეში საქართველოს შესახებ პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი, თავდაცვის მინისტრი დოკუმენტით კმაყოფილია. ირაკლი ჩიქოვანი ამტკიცებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში საქართველოს თავისი ადგილი აქვს.
ნატო-ს 75 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო სამიტი ვაშინგტონში 9-დან 11 ივლისს ჩათვლით იმართება. ალიანსის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე უკრაინის დახმარების საკითხებზე მსჯელობენ.