აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო. ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი”, შემოკლებით MEGOBARI Act-ი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის კენჭისყრაზე დღეს გაიტანეს, განხილვა კი გუშინ გაიმართა. მას 41-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო 6 წინააღმდეგ წავიდა.
კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენას დაუპირისპირდეს.
MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია; სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება.
დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები უზრუნველყოფილი იყოს.
ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები;
რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.