გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის განცხადებით, გერმანიამ საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, გააუქმა ერთობლივი ფორუმი, უარი თქვა „ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილეობაზე და ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, მაშინ როდესაც ამ მიმართულებით სწრაფი პროგრესი შესაძლებელი იყო.
გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ მას, თავისი საქმიანობის განმავლობაში, “არასდროს უნახავს საგარეო პოლიტიკის ამგვარი შემობრუნება.” ელჩის თქმით, დასავლელი პარტნიორებისა და ინსტიტუციების სრული უმეტესობა აცხადებს, რომ რუსული კანონის მიღება საზიანოა საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის და შესაბამისად, ამ კანონით ევროკავშირში შესვლა შეუძლებელია.
ფიშერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლურ რიტორიკაზე. მისი თქმით, მსგავსი რიტორიკა პარტნიორულ ურთიერთობას არ შეესაბამება და “ქმედებებსა და სიტყვებს ყურადღება უნდა მიექცეს.”