26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური ალიანსი იქმნება. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ არჩევნებზე ერთად გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს პარტიებმა: „ახალი“, „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, ამ ერთობის მიზანია 26 ოქტომბრის არჩევნებზე არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციური ხმა. იყო მოლოდინი, რომ ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში იქნებოდა პარტია „ლელო“, თუმცა ნიკა გვარამია ამბობს, რომ შეთანხმება ამ ეტაპზე მცირე განსხვავებების გამო ვერ მოხერხდა.
საგანგებო ბრიფინგზე ზურა ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ განაცხადეს, რომ ქართულმა საზოგადოებამ მსოფლიოს უკვე აჩვენა, რომ საქართველო არასდროს გახდება რუსეთი. მათი თქმით, ახლა ტესტი პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა ჩააბაროს. „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ლიდერები ასევე ამბობენ, რომ პარტია „ლელოს“ ისინი პარტნიორად და თანამებრძოლად განიხილავენ.
ცნობილია, რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ნომერი 4-ით წარსდგება. გაერთიანების სახელზე კი მსჯელობა გრძელდება.