რა კონფიგურაციით შეეცდება ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხებას — 6 ოპოზიციური პარტიის მიერ ბრიუსელში ხელმოწერილი ერთიანობის დეკლარაციის თანახმად, პარტიების ნაწილმა სავარაუდო კონფიგურაციების შესახებ დღეს პირველი განცხადება უნდა გააკეთონ. უკვე ცნობილია, რომ გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ლელოს“, „ახალს“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ შორის. ამ სავარაუდო გაერთიანებაში მოიაზრებოდა „ევროპული საქართველოც“. თუმცა, პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგა ბოკერიამ თქვა, რომ მოლაპარაკებები მათთან, ფაქტობრივად, არ გამართულა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ისაუბრა იმ კვლევის შესახებაც, რომელიც ოპოზიციამ ჩაატარა და რომლის მონაცემებითაც, ბოკერიას მტკიცებით, მათი პარტიის, „ახალისა“ და „ლელოს“ გაერთიანებას საუკეთესო სინერგია ჰქონდა.
ოპოზიციის ნაწილის მიერ ერთიანი სიის იდეის დაწუნების შემდეგ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთად გავლენ. მათ მიერ შექმნილი „გამარჯვების პლატფორმის“ წინასაარჩევნო პრეზენტაცია, დღეს, 20:00 საათზე გაიმართება. თინა ბოკუჩავას თქმით, დღეს აირჩევენ პარტიისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეებსაც. გარდა ამისა, ყრილობაზე პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზაზა გოგავას სოფო ჯაფარიძე შეცვლის. ყრილობამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი ხდება, რომ პლატფორმას ახალი სახეები შეუერთდებიან, მათ შორის არიან: პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი; პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე; ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა; ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძე და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია.
„ევროოპტიმისტების“ ლიდერი, რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ ოპოზიციის საბოლოო კონფიგურაცია ივლისის ბოლოს გახდება ცნობილი. მისი თქმით, დიდი ალბათობით, შეიქმნება სამი ოპოზიციური ცენტრი, რომლებშიც პატარა პარტიები უნდა გადანაწილდნენ.
ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგიის შესახებ შეფასებები კეთდება „ქართულ ოცნებაში“. ივანიშვილის თანაგუნდელები ამტკიცებენ, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში რუსული კანონის მიმღები ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. მათი თქმით, ოპოზიციის ყველა კონფიგურაცია მარცხისთვისაა განწირული.
„ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია“ — ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელსაც ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი ბრიუსელში 25 ივნისს მოაწერა. დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები: „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ თანხმდებიან, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის მიცემული ხმები ხუთპროცენტიანი ბარიერის გამო არ უნდა დაიკარგოს და 8 ივლისამდე უნდა შეთანხმდნენ არჩევნებში მონაწილეობის კონფიგურაციებზე. „ერთიანობის დეკლარაციის თანახმად“, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელმომწერი პარტიები არ დაუჭერენ მხარს იმ მთავრობის დამტკიცებას, რომელშიც „ქართული ოცნება“ მიიღებს მონაწილეობას; მხარს დაუჭერენ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატს; გაერთიანებული ძალებით შეეცდებიან საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების არჩევნებში ჩართვას; და ერთიანი ძალებით შეეცდებიან, ხელი შეუშალონ არჩევნების გაყალბებას.