სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, ტერიტორია დატოვეს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა.
უწყების ცნობით იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, გამოიკითხნენ მოწმეებიც. დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. ბოლნისში ჩამოვარდნილი სუ 25-ის საქმეზე გამოძიება „უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე“ დაიწყო. გენერალური პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით, გამოძიებას სამხედრო პოლიცია აწარმოებს.
2 ივლისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველთან თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ზურაბაშვილი. დაღუპულ პილოტს გორში შაბათს, 6 ივლისს დაკრძალავენ.ზურაბაშვილი მშობლიურ სახლში გუშინ საღამოს გადაასვენეს.