ჯანდაცვის სამინისტროში, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა, მათ, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბენეფიციარებს აღარ მოუწევთ, სააფთიაქო ქსელებიდან, კლინიკაში, მედიკამენტების თავად მიტანა – პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს, წამალი, დაწესებულებაში დახვდება.
ბოლო თვეებში ონკოპაციენტებმა პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან არაერთი აქცია გამართეს. ისინი ჯანდაცვის სამინისტროსგან პრობლემების გადაჭრას ითხოვდნენ, მათ შორის, დაფინანსების ლიმიტის მოხსნას და დროული, უწყვეტი მკურნალობის უზრუნველყოფას.