2 ივლისიდან 15 აგვისტომდე გელათის სამონასტრო კომპლექსი იკეტება. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. საპატრიარქოს ცნობით, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის “ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში” და ვიზიტორთა უსაფრთხოებისთვის კომპლექსი დროებით იკეტება. ჩაკეტილია სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზაც. პერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.
ვიზიტორებისთვის დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა ტაძრის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ. მამა კირიონის თქმით, მიმდინარეობს დროებით გადახურვის სამუშაოები. მისივე ინფორმაციით, გერმანული კომპანიის მიერ სპეციალურად შეიქმნა მასალები და სამუშაოებსაც გერმანელი სპეციალისტი განახორციელებენ, რომლებიც ტაძარში უახლოეს დღეებში ჩამოვლენ. გადახურვის პარალელურად, დაიწყება შიდა სამუშაოები. უცხოელები და ქართველი სპეციალისტები მოზაიკის და მხატვრობის მომდევნო სარეაბილიტაციო ეტაპს დაიწყებენ. სასულიერო პირმა ასევე ისაუბრა, ტაძარში ვიზიტორებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე. მისი განმარტებით, შეზღუდვა უსაფრთხოების გამო დაწესდა, რომ მძიმე ტექნიკა უსაფრთხოდ გადაადგილდეს.