სახალხო ზეიმი თავისუფლების მოედანზე. ევრო 2024-ზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს თბილისის ქუჩებში გულშემატკივრებმა განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ეროვნული ნაკრების ღია ავტობუსი მიხეილ მესხის სტადიონიდან გუშინ 21 საათსა და 30 წუთზე დაიძრა. ქართველ ფეხბურთელებს სტადიონიდან თავისუფლების მოედნამდე ფეხით მიყვებოდა ქომაგების ნაწილი.
ეროვნული ნაკრების ავტობუსი ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირების გავლით თავისუფლების მოედანთან მივიდა. მანამდე, ფეხბურთელები გულშემატკივრებს ავტობუსიდან ესალმებოდნენ, ავტოგრაფებს დროშებსა და ბურთებზე უტოვებდნენ.
ნაკრების ღია ავტობუსი, საბოლოოდ, თავისუფლების მოედანზე 23 საათისთვის მივიდა, სადაც სცენა იყო მოწყობილი. მოედანზე ფეხბურთელებს ათიათასობით გულშემატკივარი ოვაციებით დახვდა.
მოგვიანებით სცენაზე ავიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. „ოცნების“ მთავრობის მეთაურს მოქალაქეები ნეგატიური შეძახილებით შეხვდნენ, რის გამოც კობახიძემ მიკროფონი მალევე დაუთმო სალომე ზურაბიშვილს.
კობახიძისგან განსხვავებით პრეზიდენტის სცენაზე გამოჩენას ოვაციები მოჰყვა. სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა.