ბოლნისში ჩამოვარდნილი სუ 25-ის საქმეზე გამოძიება „უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე“ დაიწყო. გენერალური პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით, გამოძიებას სამხედრო პოლიცია აწარმოებს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საფრენი აპარატის, სუ 25-ის ჩამოვარდნის შესახებ განცხადება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად. ასევე ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა.
უწყების ინფრომაციით თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, შესაბამისი სამსახურების მიერ საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ჰექტარ ფართობზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი. ტრაგიკული ინციდენტის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, შესაბამისი სამსახურების მიერ ყველა საჭირო პროცედურა ტარდება. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. დაღუპული მფრინავის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში.
2 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველთან თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ზურაბაშვილი.