საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზომების მიღება გაგრძელდება – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი | 02.07.2024

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ რუსული კანონის გამო შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზომების მიღება გაგრძელდება. ამის შესახებ ბლინკენმა ბრუკინგის ინსტიტუტში, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა. ბლინკენმა თქვა, რომ ისინი არიან “რეალურად შეშფოთებული” რუსული კანონის მიღების გამო , მაგრამ ასევე აქვთ “რეალური შესაძლებლობები”.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას ჯერ კიდევ აგრძელებენ. ამაზე პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში 1 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომელზეც აშშ-ში ქართველი ოფიციალური პირების ვიზიტების შესახებ დაუსვეს შეკითხვა.

საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღების საპასუხოდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს.