საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დღეს დილით, დაახლოებით, 9 საათისთვის დაბრუნდა. ფეხბურთელებმა თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ავტობუსით დატოვეს. ნაკრებს აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა, თუმცა მათ დიდ ნაწილს ფეხბურთელებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცა.
ეროვნული ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით დღეს საღამოს საათებში საზეიმო ღონისძიებები დაიგეგმა თბილისში 21:30 საათიდან საფეხბურთო ნაკრები ღია ავტობუსით მიხეილ მესხის სტადიონიდან მსვლელობით თავისუფლების მოედანზე მივა. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის გავლით. საზეიმო დღის მთავარი გზავნილია: „ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული“. სახალხო ზეიმს შეუერთდება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს ღირსების ორდენებითა და მედლებით დააჯილდოებს.
საქართველოს ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს 30 ივნისიდან, მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ გამოეთიშა. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრები ევროპის ჩემპიონატში პირველად მონაწილეობდა, მათ ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალში გასვლა და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრა შეძლეს. მერვედფინალამდე F ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ოთხი ქულით დაასრულა. პირველ მატჩში თურქეთთან დამარცხდა ანგარიშით 1:3. მეორე შეხვედრა ჩეხეთთან ფრედ, 1:1 დაასრულა. მესამე მატჩში კი ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, პორტუგალიის ნაკრებს ანგარიშით 2:0 სძლია.