ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი გუშინ მეოთხედ აჟღერდა. საქართველო-ესპანეთის ისტორიული მატჩი გერმანიაში, ქალაქ კიოლნში, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყო. თამაში მეტოქის გამარჯვებით დასრულდა და საქართველო ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა.
ანგარიში მე-18 წუთზე ესპანელთა ავტოგოლით გაიხსნა. საქართველოს ნაკრების შეტევის შემდეგ საკუთარ კარში ბურთი რობინ ლე ნორმანდმა შეაგდო.
ესპანეთმა ანგარიში პირველივე ტაიმში 39-წუთზე გაათანაბრა. 51-ე წუთზე კი მეტოქე ისევ დაწინაურდა ფაბიან რუიზის სათავო დარტყმით. ესპანეთმა მესამე გოლი საქართველოს ნაკრების კარში 75-ე წუთზე გაიტანა. საბოლოოდ, მატჩი ესპანელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 4:1 დასრულდა.
მაშინ, როცა მატჩის ბოლო დამატებითი დრო მიდიოდა და თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი
მატჩის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარები გააკეთეს ქართველმა ფეხბურთელებმა. ისინი ესპანეთთან თამაშს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრით ოცნება აიხდინეს.
„ყველაფერი ახლა იწყება“, – ეს იყო ეროვნული ნაკრების მთავარი გზავნილი მერვედფინალური მატჩის შემდეგ.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა. მისი თქმით, გუშინ საქართველომ საოცარი პერფორმანსი და გუნდური სულისკვეთება აჩვენა.
მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია გამართა ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც. ლუის დე ლა ფუენტეს თქმით, საქართველოს ნაკრები კონტრშეტევების მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა.
ესპანეთი-საქართველოს მერვედფინალურ მატჩს ქართველი ქომაგების ნაწილი თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზეც ადავნებდა თვალს. მათ მეტოქის კარში გატანილი გოლი განსაკუთრებულად იზეიმეს.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან მატჩის შემდეგ ქომაგების ნაწილი ქუჩაში გავიდა. ისინი ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული ასპარეზობის გამო მადლობას უხდიდნენ და მანქანებიდან სიგნალებით ამხნევებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელი მატჩი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა, ყველა გავლენიანი გამოცემა თანხმდება, რომ ამ ჩემპიონატის აღმოჩენა საქართველოს ეროვნული ნაკრებია. „საქართველომ ევრო 2024-ზე შოუ აჩვენა. ერთი სული გვაქვს როდის ვნახავთ მათ შემდეგ ჯერზე. მადლობა, საქართველო!“ – დაწერა „ფოქსმა“ ესპანეთთან თამაშის შემდეგ.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმატებულ ასპარეზობას გამოეხმაურა ბიბისი. მსოფლიოში უმსხვილესმა სამაუწყებლო კორპორაციამ მატჩის შემდეგ დაწერა, რომ საქართველოს ჩემპიონატზე საამაყო დებიუტი ჰქონდა და ნაკრებმა მის გულშემატკივრებს სიამაყისთვის უამრავი მიზეზი მისცა.