საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი ცოტნე ივანიშვილი კიოლნში პუტინის გარემოცვის წევრს, დაღესტნელ სპორტსმენს, ხაბიბ ნურმაგომედოვს შეხვდნენ. არაფორმალურ ვითარებაში მიმდინარე შეხვედრის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, თუმცა, უცნობია, რა საკითხებზე ისაუბრეს მათ.
ნურმაგომედოვთან და ცოტნე ივანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში კახა კალაძემაც გამოაქვეყნა. პარალელურად UFC-ს ყოფილი ჩემპიონი ნურმაგომედოვი აქვეყნებს ვიდეომასალას, საქართველო-ესპანეთის მატჩის მიმდინარეობიდან,რომელშიც კარგად ჩანს, რომ ყოფილი რუსი მებრძოლი ქართულ სამთავრობო ლოჟაში ზის. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მედიას ნურმაგომედოვისა და კობახიძის შეხვედრა დაუდასტურა, თუმცა ამბობენ, რომ სქართველოს პრემიერ-მინისტრი და რუსი მებრძოლი ერთმანეთს ქუჩაში შემთხვევით შეხვდნენ.
ხაბიბ ნურმაგომედოვმა მედიის განსაკუთრებული ყურადღება ბოლო დღეებში მიიქცია. რამდენიმე დღის წინ დაღესტანში მომხდარი ტერორისტუული აქტის შემდეგ, მის საკუთრებაში არსებულ საბრძოლო ხელოვნების სკოლაში სპეცოპერაცია ჩატარდა. ღონისძიება მას შემდეგ ჩატარდა, რაც გაჩნდა ეჭვი, რომ ლიკვიდირებული ტერორისტი კაგიროვი ნურმაგომედოვის სპორტული სკოლის მოსწავლე იყო. მედიის ცნობით, მოგვიანებით მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ტერორისტი მის საბრძოლო ხელოვნების სკოლასთან იყო დაკავშირებული, თუმცა აღნიშნა,რომ ტერორიზმში მხილებული მამაკაცი მის სკოლაში მხოლოდ ერთხელ მივიდა.
ტელეგრამის არხმა Mash-მა კი გაავრცელა ინფორმაცია ნურმაგომედოვის ანგარიშების დაყადაღების შესახებ. ტელეგრამ არხი იუწყება, რომ მას რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის მიმართ დაახლოებით 297 მლნ რუბლის დავალიანება ჰქონდა. რის გამოც მას ანგარიშები დაუყადაღდა. თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
2021 წელს ნურმაგომედოვი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ჩასვლას აპირებდა. თუმცა,აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტში განაცხადეს, რომ „ამერიკისა და საქართველოს მხრიდან სანქციებით, ამერიკის ვიზის გაუქმების პირდაპირი მუქარის, UFC-ში სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის შეზღუდვისა და შეერთებულ შტატებში კონტრაქტების შეწყვეტის მუქარის გამო“ ვიზიტი გაუქმდა.რა მიზნით შეხვდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საჭვე რეპუტაციის მქონე დაღესტნელ ჩემპიონს ხაბიბ ნურმაგომედოვს ჯერჯერობით უცნობია.