ქართველი ქომაგებისთვის საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრებად 29-30 ივნისს ჩარტერული რეისები დაინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ფრენები თბილისი-კელნი-თბილისის მიმართულებით განხორციელდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერები 29 და 30 ივნისს შესრულდება, 2 ივლისს კი ქართველი გულშემატკივრები გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებას შეძლებენ. ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანიები: ჯორჯიან ეარვეისი და ჯორჯიან ვინგსი შეასრულებენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 390 ევროს შეადგენს. სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას კი საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ. სუბსიდირებული ავიაბილეთები დღეიდან tkt.ge-ზე გაიყიდება.