ევროპული საბჭო საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მწვავე განცხადებას ავრცელებს. ბრიუსელის სამიტის პირველი დღის შემდეგ, 27 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში საუბარია რუსული კანონის მოსალოდნელ რეპრესიულ შედეგებსა და გახშირებულ თავდასხმებზე სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. საბჭოს აზრით, რუსული კანონი ევროპულ გზაზე უკანდახევაა. საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას განმარტოს საკუთარი ზრახვები და შეცვალოს ამჟამინდელი ქმედებების კურსი, რომელიც „დე ფაქტო აჩერებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს“.
განცხადებაში საუბარია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. ევროპული საბჭო მოუწოდებს „ოცნების“ ხელისუფლებას უზრუნველყოს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება. საბჭო მხარს უჭერს საქართველოში პარტნიორების მხრიდან სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნასაც.
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 27-28 ივნისს ევროპული საბჭოს სამიტზე რამდენიმე საკითხს განიხილავენ. მათ შორის არის ომი უკრაინაში, ღაზის სექტორში არსებული ვითარება და საქართველოში მიმდინარე პროცესები. ცნობილია, რომ ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, მათ შორის „ოცნების“ მთავრობასთან პოლიტიკური კონტაქტების დაუყოვნებლივ შემცირებას და მთავრობის ფინანსური დახმარების გაჩერებას. ასევე, აპირებს გადახედოს ევროპული სამშვიდობო ფონდიდან საქართველოს დახმარებას. განიხილება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის შენგენის ზონაში მოგზაურობის შეზღუდვაც. უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა, ევროკავშირმა დროებით შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის. თუმცა, კონკრეტულად რა საპასუხო ზომებს მიიღებს ევროკავშირი ივანიშვილის ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის შესაკავებლად, ეს სამიტის დასრულების შემდეგ გაირკვევა.