საპარლამენტო უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსის სადავო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია | 27.06.2024

ივანიშვილის ხელისუფლებამ არც ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა და არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა. საპარლამენტო უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსის სადავო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

კენჭი თავდაპირველად პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ეყარა, რომელიც პარლამენტმა არ გაიზიარა – მის წინააღმდეგ ხმა 63-მა დეპუტატმა მისცა. შემდეგ კი კენჭი უყარეს „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს და ის თავდაპირველი რედაქციით 78 ხმით მიიღეს.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პლენარულ სხდომაზე გუშინ განიხილეს. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები დეპუტატების წინაშე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა.
პრეზიდენტის ვეტოში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას, მნიშვნელოვნად უარესდება ოპოზიციური პარტიების ჩართულობის საკითხი და არ უზრუნველყოფს კონსენსუსზე დამყარებულ პოლიტიკურ პროცესს, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის, ისე როგორც ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდისთვის.

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საარჩევნო ცვლილებები 30 მაისს დაამტკიცა. 80 ხმით, ერთხმად მიიღეს პროექტი, რომლის საფუძველზეც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მაღალი კვორუმით გადაწყვეტილებების მიღების წესი შეიცვალა და ე.წ. “ანტიჩიხური მექანიზმი” დაწესდა.საქმე ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მისაღებ ისეთ გადაწყვეტილებებს ეხება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა.
სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე, ვეტო 13 ივნისს დაადო.
ცვლილებები დაიწუნა ვენეციის კომისიამ. საერთაშორისო ორგანიზაცია დასკვნაში წერს, რომ ეს ცვლილებები აზიანებს საარჩევნო გარემოს და გზას უხსნის ცესკოს ერთპარტიულად დაკომპლექტებას. ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა არც სამოქალაქო სექტორის, არც ოპოზიციის და არც საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებები.