ისტორია დაიწერა — საქართველო ევრო 2024-ის მერვედფინალშია! | 27.06.2024

ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა. კვარაცხელიამ პირველი გოლი მეტოქის კარში თამაშის დაწყებიდან მეორე წუთზე გაიტანა.

მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ეროვნული ნაკრების უპირატესობით დასრულდა. მეორე გოლი კი პორტუგალიის კარში 57-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ეს მას შემდეგ, რაც ლუკა ლოჩოშვილმა პენალტი მოიპოვა.

მატჩი, რომელსაც ეროვნული ნაკრების F ჯგუფიდან გასვლა-არგასვლის საკითხი უნდა გადაეწყვიტა, დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. პორტუგალიის ნაკრებს საქართველოს კარში გოლის გატანის რამდენიმე უშედეგო მცდელობა ჰქონდა. პორტუგალიას გოლი ვერ მოუტანა ვერც კრიშტიანუ რონალდუმ, რომლის საჯარიმო დარტყმაც ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია.

საქართველომ ისტორიული გამარჯვება 95-ე წუთზე იზეიმა, როცა მატჩი პორტუგალიელების მორიგი წარუმატებელი შეტევის შემდეგ დასრულდა.

უეფა-მ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. ქართველმა ფეხბურთელმა მერვედფინალში გასვლის გარდა კიდევ ერთი ოცნება აიხდინა. მას კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარი მაისური აჩუქა.

მატჩის მოგებიდან მალევე პირველი კადრები გავრცელდა გასახდელიდან. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ისტორიული გამარჯვება განსაკუთრებულად იზეიმეს.

ქართველმა ქომაგებმა პორტუგალიის ეროვნული ნაკრების დამარცხება და მერვედფინალში გასვლა მთელი ქვეყნის მასშტაბით იზეიმეს. თბილისის ქუჩებში დიდი გამარჯვების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში თურქეთთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა, ჩეხეთთან ფრე 1:1 ითამაშა, ბოლო ტურში კი პორტუგალიას 2:0 მოუგო და პლეი ოფში გავიდა. საბოლოოდ, ეროვნულმა ნაკრებმა F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. მერვედფინალში საქართველო ესპანეთს 30 ივნისს, 23:00 საათზე, კიოლნში დაუპირისპირდება.