ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია საქართველოს პარლამენტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის სრულად და დაუყოვნებლივ გაწვევისკენ მოუწოდებს. საგნაგებოდ საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებს ქართველი დეპუტატებიც ესწრებოდნენ. მათ შორის რუსულ კანონზე ხელმომწერი კანონმდებელი გივი მიქანაძე. “ქართული ოცნება” ამ სხდომის გადადებას ცდილობდა.
“საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, რომლებიც იწვევს სერიოზულ შეშფოთებებს საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ქვეყნის ერთგულებისა და მისი მზადყოფნის შესახებ, დაიცვას წევრობისა და ევროპის საბჭოში გაწევრიანებით აღებული ვალდებულებები. ასამბლეა მიიჩნევს, რომ ეს კანონი, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ მისი მიღების წესი შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ასამბლეა მიიჩნევს, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო არაკომერციული სუბიექტების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან – რომლისთვისაც საქართველოში უკვე არსებობს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზა – ისევე, როგორც არაფერი აქვს საერთო ფარული და მანკიერი უცხოური ჩარევის პრევენციასთან. პირიქით, ის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე ხელისუფლების გადაჭარბებული კონტროლის საშუალებას იძლევა. ამიტომ, კანონი დაუყოვნებლივ მთლიანად უნდა გაუქმდეს”, – PACE-ის რეზოლუცია დემოკრატიის უკუსვლაზე.
დოკუმენტში წერია, რომ რუსული კანონის მიღება გადამწყვეტ არჩევნებზე უარყოფით გავლენას იქონიებს და შესაძლოა, დღის წესრიგში შედეგების ლეგიტიმაციაც კი დადგეს.
PACE-ის რეზოლუცია დემოკრატიის უკუსვლაზე.
რეზოლუციაში საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს აქტივისტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების გამო.
“ასამბლეა ღრმად შეშფოთებულია პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული და არაპროპორციული გამოყენებით, ძალადობრივი თავდასხმებისა და დაშინების კამპანიების გამო, დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პარლამენტის წევრების მიმართ, რაც უთანხმოებისა და განსხვავებული აზრის კანონიერი გამოხატვის ჩახშობის ტოლფასია. ასამბლეა ასევე შეშფოთებულია, რომ ეს თავდასხმები და დაშინების აქტები ხელისუფლების მიერ არსაკმარისადაა გამოძიებული და დაგმობილი და რომ ამან შესაძლოა, შექმნას ასეთი ქმედებების დაუსჯელობის ატმოსფერო. ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ მსგავს ქმედებებს ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში”, – PACE-ის რეზოლუცია დემოკრატიის უკუსვლაზე.
ასამბლეა შეშფოთებულია, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, რომლებსაც აქვთ არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და დიდი გამოცდილება, ვეღარ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება. საქართველოს შესახებ რეზოლუციის დოკუმენტს მხარი 66-მა დელეგატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 4 იყო. რეზოლუციის ავტორები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა არიან.