ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ დღეს ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივნად დანიშვნის შესახებ. ამ პოსტზე ის ნორვეგიელ იენს სტოლტენბერგს შეცვლის, რომელიც 10 წელია გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებს და ოთხჯერ გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა. რუტე გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან შეუდგება. 57 წლის მარკ რუტე 2010 წლიდან არის ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი. ის წარმოადგენს სახალხო პარტიას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის (VVD), რომელიც ლიბერალური Renew Europe-ის ევროპულ ოჯახში შედის.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს NATO-ს გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს და X-ზე წერს, რომ იმედოვნებს, რუტეს ხელმძღვანელობა წარმატებული იქნება მათთვის, ვინც მოუთმენლად ელის ალიანსში გაწევრიანებას. ზურაბიშვილმა იენს სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა სამაგალითო სამსახურისა და თავდადებისთვის.