ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ, ევროკომისარი ჟოზეპ ბორელი საქართველოსთან ევროკავშირის მიერ პოლიტიკური კონტაქტების „დაუყოვნებლივ შემცირებაზე“ საუბრობს. გარდა ამისა, შეჩერდება დაფინანსება საქართველოს მთავრობისთვის. ეს არის იმ ზომების მხოლოდ ნაწილი, რაზეც გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ შეათანხმეს.
ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების ნათქვამი, თითქოს კანონი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობაზე“ ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს, დეზინფორმაციაა. ბორელმა კვლავ ხაზგასმით განაცხადა, რომ კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ნაცვლად, აშორებს.
“ქართული ოცნების” მიერ, რუსული კანონის მიღებისა და პრორუსული პოლიტიკის გატარების გამო, აშშ-ის სანქციების პარალელურად, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისთვის ევროკავშირიც ემზადება. ლუქსემბურგში გამართულ საგარეო საქმეთა საბჭოზე სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში მიმდინარე მოვლენები და რუსული კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირის შესაძლო საპასუხო ზომები განიხილეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი ემხრობა ზომების მიღებას საქართველოს ხელისუფლების და არა — ხალხის წინააღმდეგ. მათ შორის განიხილება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის შენგენის ზონაში მოგზაურობის შეზღუდვა. უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა, ევროკავშირმა დროებით შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა. მინისტერიალის შემდეგ კი განხილვა უკვე ევროკავშირის სამიტზე გაგრძელდება, რომელიც 27 ივნისს ბრიუსელშია დაგეგმილი.