დღეს, ლუქსემბურგში, რუსული კანონის მიღების გამო, საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ბრიუსელის მხრიდან შესაძლო საპასუხო ზომებზე ევროკავშირის მინისტერიალზე იმსჯელეს. საუბარია, პერსონალური სანქციებზე, სამთავრობო დაფინანსების შეჩერებასა და ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზე. მინისტერიალის ფარგლებში ასევე იმსჯელეს რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით სხვადასხვა ზომას, მათ შორის დაფინანსების შეჩერების საკითხსა და ოფიციალური პირებისთვის შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვას განიხილავდნენ. შეხვედრის დაწყებამდე ცაჰკნამ თქვა, რომ თუ მთავრობა ქცევას არ შეცვლის და რუსულ კანონს უკან არ წაიღებს, ევროკავშირისკენ ნაბიჯს ვერ გადადგამს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ლუქსემბურგში მინისტერიალის დაწყებამდე თქვა, რომ საქართველოს შესახებ EU-ის მინისტრებისთვის წარდგენილ ვარიანტების ფურცელში საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება ერთ-ერთი ვარიანტად აუცილებლად უნდა განიხილონ.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენას, თქმით დღეს იმსჯელებენ ზომებზე, თუ როგორ უპასუხონ საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს. მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის მიიღონ ზომები, რომლის სამიზნე იქნება საქართველოს მთავრობა და არა ქართველი ხალხი.
ევროკავშირი ორ ქვეყანასთან მოლდოვასა და უკრაინასთან გაწევრების მოლაპარაკებებს 25 ივნისს ოფიციალურად დაიწყებს. საქართველომ 2022 წელს, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. რითიც ასოცირებული ტრიოს ფაქტობრივად ჩამოშორდა. საქართველომ მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოახერხა სტატუსის მიღება, თუმცა მომდევნო ეტქაპზე გადასვლას – მოლაპარაკებების პროცესის გახსნას ახლა ოცნების მიერ მიღებული რუსული კანონი შეუძლებელს ხდის.