სოფელ წიწამურთან „ჯივიპის“ კუთვნილი მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით) და 306-ე (საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე) მუხლებით მიმდინარეობს.
სოფელ წიწამურთან მილსადენი ოთხი დღის წინ დაზიანდა, რის გამოც დედაქალაქის ნაწილი უწყლოდ დარჩა. ამჟამად მომხმარებლების ნაწილს წყალი სპეციალური გრაფიკით დღეში რამდენიმე საათით მიეწოდება. ვარაუდობენ, რომ წყლის მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები ექვს დღეში დასრულდება. სამუშაოები დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.