იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. იურიდიული კომიტეტის გარდა, საკანონმდებლო პაკეტს რომელიც მთელ რიგ აკრძალვებსა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს მხარი დაუჭირეს ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლების, დარგობრივი ეკონომიკისა და ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზეც. განხილვას და კენჭისყრას ოპოზიცია არ დასწრებია.
უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.
საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით – „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტი. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.