ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გუშინ საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. ეროვნულმა ნაკრებმა პირველი სადებიუტო შეხვედრა თურქეთთან გამართა. ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ მატჩი დაძაბული გამოდგა. თამაში თურქეთის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა არაერთი გავლენიანი საერთაშორისო გამოცემების მოწონება დაიმსახურეს.
ანგარიში თურქმა ფეხბურთელმა მერტ მულდურმა 25-ე წუთზე გახსნა. საქართველოს ნაკრების საჯარიმოში ერთ-ერთი ჩაწოდებისას, ბურთი ლაშა დვალმა თავით გამოიტანა. გადმოვარდნილი ბურთი ძლიერი დარტყმით მულდურმა საქართველოს კარში გაიტანა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ანგარიში შვიდ წუთში გაათანაბრა. გიორგი მიქაუტაძემ პირველი, ისტორიული გოლი 32-ე წუთზე გაიტანა და ტაბლოზე საქართველო – თურქეთს შორის ანგარიში 1:1 დაფიქსირდა. შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.
მატჩის ბოლო გოლი 97-ე წუთზე აკთურქოღლუმ გაიტანა. ბოლო წუთებში, ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მეტოქის საჯარიმოში იმყოფებოდა, რა დროსაც გადმოვარდნილ ბურთს მოულოდნელად აკთურქოღლუ დაეუფლა, სწრაფად გადაკვეთა მოედანი საქართველოს ნაკრების ნახევრის მიმართულებით და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.
ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში იმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 22 ივნისს ჩეხეთის, 26 ივნისს კი პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს. ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური 2024 წლის 26 მარტს მოიპოვეს, მას შემდეგ, რაც ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს. გადამწყვეტი მატჩი, თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა. თამაშის ძირითადი და სათადარიგო დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. თამაშის ბედი კი საბოლოოდ პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 4:2 გაიმარჯვეს.